პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდება. გვენეტაძე „თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების საკითხზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„კობა გვენეტაძემ ძირითადი სათქმელი ითქვა, უბრალოდ მისი მოსმენა ვერ დასრულდა. არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულად ახალს. რეგულაციებთან მიმართებაში პოზიციები ნელ-ნელა ყალიბდება. ვაკვირდებით ამ თემას. თუ შესაძლო ეფექტმა გაცილებით მაღალი ხარისხის ზიანი გამოიწვია, გადასახედია რეგულაციები. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ერთი-ორი თვის დაკვირვების შემდეგ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ კიდეც, თუ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ „თიბისი ბანკთან“ და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ დეპუტატებს ამომწურავი პასუხები ვერ გასცა.
„შედეგი არის ძალიან სავალალო. მივიღეთ დასკვნა, რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი, ის ემორჩილება მთავრობას, მასზე ზეწოლას ახდენენ როგორც ძალოვანი სტრუქტურები, ასევე ქვეყნის არაფორმალური მმართველი. „ეროვნულმა ბანკმა“, როგორც არასდროს, გამოავლინა მორჩილება და არასდროს ეროვნული ბანკი ესეთი დაბეჩავებული არ ყოფილა. ეროვნული საბჭოს ორ წევრს გასდის ვადა და აუცილებელია, რომ შეირჩეს პრინციპული ადამიანები და როგორმე ეროვნულ ბანკში ახალი სისხლი შევიდეს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.