პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე რეგლამენტსა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები დღეს „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ორ პროექტზე იმსჯელებენ.
ერთ-ერთი მათგანი რეგლამენტში ცვლილებებს შეეხება,რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ. კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენისა და ასევე კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნებათ. ამასთან, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში. რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებში ნათქვამია, რომ აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილი განცხადებით, ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
„უფრაქციო წევრსა და ჯგუფს ექნება საშუალება, ისევე როგორც დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციებს აქვთ საშუალება, თავიანთი კანდიდატი წარადგინონ ვიცე-სპიკერის პოზიციაზე და ასევე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. ამით ჩვენ, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ ბერკეტებს, რომელიც მისცემს საშუალებას საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავიანთი როლი, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით შეასრულონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დღესვე დაჩქარებული წესით განიხილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინის უმოკლეს ვადებში შემოტანას უზრუნველყოფს. მწარმოებელი ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად, ცვლილებების მიხედვით, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო აიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განმარტებით, მსგავსი ჩანაწერი ყველა ტიპის ვაქცინაზე არსებობს, რომელიც საქართველოში გამოიყენება.
„ყველა ის მედიკამენტი, თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება რეგულირდება კანონით, როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა, ასევე მათი უსაფრთხო გამოყენება, ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებობის განაწილება. ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც კი გამოიყენება საქართველოში. კოვიდ ვაქცინა არის ახალი. კანონპროექტის ამ ცვლილებით მასზეც გავრცელდება იგივე რეგულაციები, რაც ყველა დანარჩენ ვაქცინაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც, რაც უფრო სწრაფად იქნება მიღებული ეს ცვლილება, იმდენად დაჩქარდება ვაქცინის შემოტანა და შესაბამისად პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის დაწყება“, განაცხადა დავით სერგეენკომ.