პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიხედვით, ფრაქციის შესაქმნელად, პარლამენტის ექვსი წევრის ნაცვლად, შვიდი წევრი იქნება საჭირო. გარდა ამისა, უქმდება „საპარლამენტო უმცირესობის“ სტატუსი და მოხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია. ასევე, პარლამენტის ის წევრი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, პარლამენტის უფრაქციო წევრად იწოდება.
„მეათე მოწვევის პარლამენტში, კონსტიტუციაში ნახსენები ოპოზიციის შესაბამისად, იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება სუბიექტის ფორმით. მეათე მოწვევის პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის დათქმა არის, რომ ერთი პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები მხოლოდ ერთ ფრაქციაში შეიძლება, გაერთიანდნენ, თუმცა ერთი გამონაკლისი შესაძლებელია დადგინდეს. საუბარია ერთჯერადად ბლოკების გამოყენებაზე და ბლოკებში შემავალ პარტიებზე იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ორი ან რამდენიმე პარტია და ამ ერთი და იგივე პარტიას ეყოლება მინიუმ შვიდი, ან მეტი წევრი, შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. ერთჯერადად ეს დათქმა შესაძლებელია, გაკეთდეს რეგლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.