პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.
კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და კომიტეტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს კალას თემში იმყოფებოდნენ, სადაც დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
„მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში, ოთხი ახალი სკოლა და 43 საბავშვო ბაღი აშენდა. ამჟამად მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღისა და 10 სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია 160-მდე საბავშვო ბაღის აშენება და რეაბილიტაცია. რამდენიმე ათეულ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 200 სკოლას, ბავშვების გადასაყვანად, ემსახურება ავტომობილი და 14 ათასი ბავშვი უზრუნველყოფილია სკოლებში მიყვანით. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც სკოლებისგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობენ. რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 1000 კმ გზას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად უშგულის გზის მშენებლობა მიმდინარეობს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
კომიტეტის წევრებმა ტურისტული ადგილები და საფეხმავლო ბილიკები დაათვალიერეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სფეროში დასაქმებულებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან, სადაც სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე, გლობალური პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.
„ჩვენ ერთობლივად დავსახეთ სამოქმედო გეგმა, თუ რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს სვანეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის, მათ შორის, შიდა ავიაციის გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე“,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საფეხმავლო ბილიკების მარკირება გაგრძელდება და წლის ბოლომდე, სვანეთს 109 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი შეემატება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლით სხდომებს, რათა ადგილზე გაეცნონ ადგილობრივ გამოწვევებსა თუ მიღწევებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.