საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. დეპუტატებმა რეგისტრაცია უკვე მეორედ გაიარეს, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. რეგისტრაცია გაიარა 73-მა დეპუტატმა, სხდომის გახსნისთვის კი საჭიროა 76 კანონმდებელი.
პლენარულ სხდომაზე ოპოზიციიდან იმყოფებიან „გირჩის“ წარმომადგენლები, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია და ავთანდილ ენუქიძე.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი სხდომას არ ესწრება. მათ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.
ამ დროისთვის სხდომაზე გამოცხადებულია ხუთწუთიანი შესვენება, რის შემდეგაც ჩატარდება ხელახალი რეგისტრაცია.
რეგლამენტის მიხედვით, სხდომათა დარბაზში თუ არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაცია იმავე პროცედურით ტარდება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.