პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომები შესაძლოა, ერთსა და იმავე კვირაში აღარ გაიმართოს
პარლამენტის პლენარული და კომიტეტების სხდომები შესაძლოა, ერთსა და იმავე კვირაში აღარ გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის სესიები შესაძლოა, ორის ნაცვლად, სამკვირიანი ციკლით დაიგეგმოს.

პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდი რეგლამენტში შესაბამის ცვლილებებს გეგმავს.

კერძოდ, დღეს მოქმედი რეგლამენტით, ერთი თვის განმავლობაში, სესია ორჯერ, ორკვირიანი ციკლით მიმდინარეობს, რა დროსაც, პირველი კვირა პლენარულ სხდომებსა და კომიტეტების მუშაობას ეთმობა, ხოლო მეორე კვირა – ამომრჩევლებთან შეხვედრებსა და კომიტეტების მუშაობას.

ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, პლენარული სხდომები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ტარდება, ხოლო მეორე კვირას საპარლამენტო კომიტეტების სხდომები – თბილისში.

იმ შემთვევაში კი, თუ რეგლამენტში ახალი ცვლილებები მომზადდება და პარლამენტის სესიები სამკვირიანი გახდება, ერთი თვის განმავლობაში, პირველი კვირა პლენარულ სხდომებს დაეთმობა, მეორე კვირა კომიტეტების მუშაობას, მესამე კვირას ამომრჩეველთან შეხვედრები გაიმართება, ხოლო მეოთხე კვირას – ისევ პლენარული სხდომები.

საპარლამენტო მუშაობის სპეციფიკის შეცვლაზე პირველ არხთან პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის სურვილია, დაჩქარებული განხილვის გარდა, კომიტეტები საპარლამენტო კვირაში არ ჩატარდეს, რაც საპარლამენტო ცხოვრებას მოაწესრიგებს.

„ეს იქითკენ გვიბიძგებს, რომ კანონპროექტების განხილვას მოსმენიდან მოსმენამდე მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში დღეს არსებული პრაქტიკით, პლენარული სხდომების კვირაში კომიტეტის სხდომებიც ტარდება და ხშირად კანონპროექტების სამივე მოსმენით მიღება ერთ კვირაში ხდება.