პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, სრული განათლების მიღების შემდეგ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებას მიანიჭებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი აცხადებს, კანონპროექტის მიღების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, სრული განათლების მიღების შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოხდება.
„დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის ცვლილებები, რომლებიც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვინაიდან, სამწუხაროდ, იქ ასეთი სკოლები არ არსებობს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის განათლების მიცემას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში და შემდგომ ასეთი პირების უგამოცდოდ ჩარიცხვას უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ხელს შეუწყობს ამ ადამიანების უკან დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი მივიღოთ და ყველა ასეთი პირი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩავრიცხოთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.