პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძირეულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მათი თქმით, დარჩენილია საკითხები, რომლებზეც პოზიციები ამ დრომდე არ არის შეჯერებული. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება არ არის მიღწეული, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შეუთანხმებელი საკითხების გამო კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს არ დაუჭერენ.

„საარჩევნო კანონპროექტს რაც შეეხება, აქ ბევრს საკითხთან დაკავშირებით შეჯერდა პოზიციები, მაგრამ არის აზრთა სხვადასხვაობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება სრულად, უკვე ახალი წესით. ამასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა და შესაბამისად, ვერ გეტყვით, როგორ ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ, თუმცა მე ვიხრები იქითკენ, რომ ჩვენ აღნიშნული სახით წარმოდგენილ კანონპროექტს ალბათ პირველი მოსმენით მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის ნაწილის პოზიციას გაუგებარს უწოდებენ და მოუწოდებენ მათ, შეასრულოს დანაპირები და პროექტს მხარი დაუჭირონ.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. არ ვეთანხმები ერთია, მაგრამ ამ შემთხვევაში გასაგებიც არ არის. გასაგები არ არის იმდენად, რამდენადაც პრაქტიკულად არც ერთ საკითხზე, რომელსაც მოიცავს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, არც ერთზე თითქოს უარყოფითი პოზიციის მიზეზი არ არსებობს. არის გარკვეული გამოხმაურება დამატებითი რეგულაციების გაჩენასთან დაკავშირებით ცალკეული საკითხების მოწესრიგებაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა აძლევდეს ოპოზიციას ამ კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავის შეკავების საფუძველს. ეს კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. შესაბამისად, ვფიქრობ, უფრო სწორი პოზიციაა, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს ამ კანონპროექტმა ოპოზიციის მხრიდანაც“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, დეპუტატები ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. პროექტის დამტკიცების პროცესიც მხოლოდ ამ დასკვნის მიღების შემდგომ განახლდება.