პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ათწუთიანი შესვენება გამოცხადდა. დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იგეგმება, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს.
სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ შესვენების გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი რეგისტრაციის გავლის შემდეგ უმცირესობამ აღნიშნა, რომ სხდომას იმდენი დეპუტატი არ ესწრებოდა, რამდენსაც ტაბლო აჩვენებდა.
უმცირესობამ მანდატურის სამსახურის მხრიდან დეპუტატების თავიდან დათვლა მოითხოვა.
სერგო რატიანის თქმით, რეგისტრაციის შედეგი აჩვენებდა, რომ სხდომას ნუკრი ქანთარია ესწრებოდა, რომელიც დარბაზში რეალურად არ იმყოფებოდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტის დაცვა ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, მათ შორის ოპიზიციის, რომელიც რეგისტრაციას არ გადის.
ბესელიას ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის არგავლა პოლიტიკური ნაბიჯიც არის, რადგან ქვეყნის მთავარი დოკუმენტის განხილვისას „ქართული ოცნება“ კვორუმს ვერ ავსებს. ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ, სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დემარშია.