პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელიც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ძალადობის, ტერორის და უკანონო დაკავების ფაქტებზე.
მან „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა, თავის თავში ეპოვათ ძალა და სესიაზევე დაედასტურებინათ მსგავსი ფაქტები.
„მიპასუხეთ ქალბატონო სამადაშვილო, იმ დროს, რომელი სფერო იყო დარჩენილი, სადაც არ შეხვედით და არ დაატერორეთ და დააწიოკეთ. თითქოს ახლა განერიდეთ, მაგრამ ვერ განერიდებით იმ ბოროტებას, რაც იყო. ნახავთ, როგორ დაგიკრავთ ტაშს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როცა პოლიტიკიდან გაგაცილებთ. თქვენ მხოლოდ ორი მინისტრი გყავდათ, რომელთაგან ერთი, თქვენი ხერხემალი – მერაბიშვილი იჭერდა ხალხს, ხოლო მეორე ამ დაჭერილ ხალხს ატყავებდა – აი, ეს იყო თქვენი ეკონომიკა, გაკულაკების ეკონომიკა. ტაშს უკრავდა ბატონი შავგულიძე, ომახიანად ვერა, მაგრამ მაინც შეეცადა. მოგმართავთ თქვენ, გირგვლიანის საქმეზე რომ ადვოკატი ბრძანდებოდით, პასუხი გამეცით, აი ახლა ადვოკატები ამ ძალადობისა და ტერორის მთავარი შემოქმედისა და არქიტექტორის მოსანახულებლად რომ დადიან, პოლიტიკურ ოპონენტთან კი არა, ადვოკატი რიგით პატიმართან რომ შედიოდა, ეს გმირობის ტოლფასი იყო. ცოტა ნამუსი მაინც იქონიეთ, უთხარით საზოგადოებას, ეს თუ ასე არ იყო?! მანდ გყავთ ისტორიკოსიც. მართალია გაბარიტებში დიდია და სააკაშვილის კალთაში კარგად ვერ ჩაჯდება, მაგრამ რა სანაგვესაც ისტორია მოგიჩენთ, დარწმუნებული იყავით მაგაში, აი, ეს ხალხი ხართ თქვენ.
ბატონო მამუკა ხაზარაძე, არ გახსოვთ ნახევარი საქართველო დაჭერილი რომ იყო და ბანკებში ქონებას დებდა, ეს როგორ იყო?! ბანკებში რომ მოდიოდნენ და დანიშნულებში სოფლის მეურნეობისთვის ეწერა და სესხი კოსმოსური ხომალდისთვის სჭირდებოდათ, აი, ეს არ გახსოვთ? ჰოდა, ახლა უტიფრობას თავი დაანებეთ, ხალხს ახსოვს ყველაფერი კარგად“, – მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს ღუდუშაურმა.
უმრავლესობის წევრის განცხადებას მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა. იგი წამოდგა, ალუდა ღუდუშაურისკენ გაემართა და მას „უტიფარი“ უწოდა.
საპასუხოდ, ღუდუშაურმა უთხრა, რომ „სიმართლე მწარეა“ და მისი გაღიზიანება სწორედ ამას მოჰყვა.
სიტყვიერ დაპირისპირებაში დეპუტატები – ბადრი ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთნენ, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.