პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ
პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ.
გოჩა ლორთქიფანიძე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს ინფორმაციას მიაწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, იუსტიციის მინისტრი პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს გადაწყვეტილება აჩენს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ფორმატში იუსტიციის მინისტრმა გააცნოს, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტს და ზოგადად, ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც უკვე შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება საქართველოსი; დეოკუპაციის ხაზით, ასე ვთქვათ, ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება გააჩენს და რაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ასევე, რომ ბევრი ადამიანის დარღვეული უფლების რეაბილიტაციის შესაძლებლობა იქნება ეს. თუმცა, რასაკვირველია, კვლავ უმნიშვნელოვანეს ასპექტად რჩება ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. კარგი იქნება, ამ საკითხზე საზოგადოების ფართოდ ინფორმირებულობა და შესაბამისად, ამ მიზანს ისახავს სწორედ ჩვენი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.