პარლამენტის პლენარული სხდომა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, 26 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები წარმოადგენს.
თალაკვაძემ განმარტა, რომ ვინაიდან ოპოზიცია პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრება, ხოლო კომიტეტების საქმიანობის განახლებისთვის საჭირო საკითხებზე გადაწყვეტილება დღეს უკვე მიიღეს, სხდომის ხვალ ჩატარების აუცილებლობა არ დგას.
„ძირითადი საკითხები, რომლებიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, დღეს განვიხილეთ და კენჭისყრები ჩავატარეთ. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, ასევე, „მინისტრის საათი“ და კენჭისყრები, რომლებიც უკავშირდება საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ არის იმდენად საჩქარო საკითხი. რაც იყო საჩქარო კომიტეტების საქმიანობის განახლებისთვის, ჩვენ დღეს მივიღეთ. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი დღის წესრიგში იყო ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, მათი ინიციატივები. ვინაიდან ისინი სხდომას არ ესწრებიან, შესაბამისად, შეგვიძლია, ხუთშაბათს განვაახლოთ სხდომა. ანუ, ხვალინდელი დღე რეალურად საკითხების განხილვისთვის აღარ იქნება საჭირო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ შეთავაზებას სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.