პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვახტანგ მეგრელიშვილსა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
დაპირისპირების მიზეზი გახდა თავდაცვის კოდექსი, რომელზეც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „გირჩის“ წარმომადგენლებმა. მათ შორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით და თქვა, რომ „გირჩი“ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანს დაეხმარა. მათ განაცხადეს, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფო მონებად აქცევს, როდესაც, სამხედრო სამსახურის გავლის ნაცვლად, მუშაობა ყარაულად, დარაჯად უწევთ.
„გირჩის“ წარმომადგენლების განცხადება დაგმო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მან „გირჩის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ადამიანების მიმართ ნუ იყენებენ სიტყვა „მონას“.
„ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს კეთილსინდისიერად, მათ, ვინც არ ისარგებლეს თქვენი სერვისით და იხდიან სამხედრო სამსახურს, მონად ნუ მოიხსენიებთ. ეს არ არის სწორი“, – მიმართა სარჯველაძემ „გირჩის“ წარმომადგენლებს.
ამასთან, „მონის“ ხსენება გააპროტესტა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმაც.
„რას ჰქვია, მონები არიან. იმის მაგივრად, ნორმალურ ჯარს ვთხოვდეთ ხელისუფლებას, რომ მოხდეს რეფორმა, ჯარი კი არ უნდა გააუქმო, უნდა შესთავაზო ნატო-ს სტანდარტის მაგარი ჯარი. რას ჰქვია, მონები არიან, უკრაინაში არიან ჩვენი ჯარისკაცები, ცოტა დაფიქრდით. კატასტროფაა, რასაც „გირჩი“ ამბობს. მე მინდა რეფორმირებული ნატო-ს დონის ჯარი, მაგრამ არა ჯარის გაუქმება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რის შემდეგაც სხდომაზე იყო ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და ამის გამო გამოცხადდა შესვენება. შესვენების დროს კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვახტანგ მეგრელიშვილი და უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა.
ამ დროისთვის სხდომა განახლდა. სხდომაზე მსჯელობენ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ თავდაცვის კოდექსზე, თავდაცვის რეფორმაზე, რასაც ეწინააღმდეგება პარტია „გირჩი“.