პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.
კანონპროექტი მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. კანონპროექტის მიხედვით, ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი.
„განსაზღვრული იქნება კანონის ამოქმედების ვადები უკვე საბოლოო ჯამში. მოგეხსენებათ, რომ პირველი, მეორე მოსმენის პერიოდში გარკვეული შეთანხმებები შედგა მხარეებს შორის და გარკვეული კომპრომისული ვერსია იქნა წარმოდგენილი, თუმცა კანონი მაინც თავისი შინაარსით ითვალისწინებს საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ რეფორმას და ეს სულისკვეთება არის შენარჩუნებული. რაც მთავარია, არის შრომის ინსპექციის კანონი, რომელიც უახლოეს მომავალში შექმნის შრომის ინსპექციის ძლიერ ინსტიტუციურ მექანიზმს და გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს კანონი იყოს აღსრულებადი. ამას უზრუნველყოფს შრომის ინსპექცია, რომლის გაძლიერებაზე უკვე დაწყებულია მუშაობა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.
უმრავლესობა შემოთავაზებულ კანონპროექტს მხარს უჭერს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები კანონპროექტის ავტორის მიერ გათვალისწინებულია.
„ჯანდაცვისა კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ კანონპროექტს მესამე მოსმენით. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა, საკმაოდ საინტერესო იყო განხილვები, როგორც პირველი, ისე მეორე მოსმენისთვის და საბოლოოდ ჩამოყალიბდა უფრო მეტად დახვეწილი საკანონმდებლო ბაზისი შრომითი ურთიერთობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ ნაწილში ეს ურთიერთობები იქნება უფრო მეტად დაბალანსებული. შენიშვნების უმეტესი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც გვქონდა ჯანდაცვის კომიტეტს, არის ის, რომ არ ყოფილიყო შეზღუდული ერთი და იმავე დასაქმებულის მხრიდან ორ სამსახურში მუშაობა, ეს გათვალისწინებული იქნა. ასე რომ, დასაქმებულებს ეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.