პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზე იმსჯელებენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სხდომაზე საბჭოს ეპიდემიოლოგებითა და კრიზისის მართვის სპეციალისტებით დაკომპლექტების საკითხს განიხილავენ. ხუნდაძის თქმით, საბჭოს წევრებთან თემატური განხილვები გაიმართება, რომლებიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიზანმიმართულად მიღებისკენ იქნება მიმართული.
„კომიტეტში არსებობს დარგობრივი, თემატური მრჩეველთა საბჭოების დახმარებით გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა და ჩვენ შევქმენით მრჩეველთა საბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ეპიდემიოლოგებით, კრიზისის მართვის სპეციალისტებით. ჩვენ მათთან გარკვეული პერიოდულობით გვექნება საკითხის თემატური განხილვა, მოვუსმენთ მათ რეკომენდაციებს, კრიტიკას. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, ამ საბჭოს ფარგლებში იქნება მუშაობა შეზღუდვებზე, ეპიდვითარების სწორად მართვაზე, პროგნოზებზე, ვაქცინაციაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.