პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსი“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსი“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც ჟურნალისტებს ცვლილებების ინიციატორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, ახალი კანონი მოემსახურება საქართველოს, მათ შორის ბიზნესს და დასაქმებულებს.
მისი თქმით, ცვლილებები, პირველ რიგში, ორიენტირებულია დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე.
„ცვლილებები განსაკუთრებულ შეშფოთებას იმ მეწარმეებისა და ბიზნესმენების მხრიდან არ უნდა იწვევდეს, რომელთაც შრომითი უფლებების დაცვა აქვთ კოორპორატიულ კულტურაში. ვინც კანონს არღვევს და ადამიანის შრომას სათავისოდ იყენებს, მათი შრომის ექსპლუატაციას ეწევა, მათ გარკვეული პრობლემები ექნებათ. ბიზნესს ასოციაციის შეშფოთებას რა იწვევს, არ ვიცი, რადგან შრომის ინსპექცია შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობს და მაშინაც ამბობდნენ, რომ ბიზნესი ჩამოიქცევაო. შრომის უფლებების კუთხით ველოდები, რომ კანონის მიღებიდან ძალიან მალე დაიწყება ახალი სტანდარტების დანერგვა, აღსრულება. შრომის ინსპექცია იმისთვის გვჭირდება, რომ კანონი ეფექტურად აღასრულოს და ადამიანები დასაქმებულ ადგილებზე არ იყვნენ დაჩაგრულები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
პარლამენტმა “შრომის კოდექსში” მომზადებული ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები შრომით უფლებებში ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს.