პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან:
დავით წიკლაური, რომელიც „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრია. მან აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. დავით წიკლაურს „დოიჩე ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.
ტიმო ვიჰერკენტა – ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. ტიმო ვიჰერკენტამ აკადემიური კარიერა ჰელსინკის უნივერსიტეტში დაიწყო. ის საგადასახადო სამართლის პროფესორი იყო. მოგვიანებით, ტიმო ვიჰერკენტას ფინეთის ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა დროს რამდენიმე პოზიცია ეკავა. 2002 წლიდან 2010 წლამდე ადგილობრივი საპენსიო ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2010 წლიდან 2014 წლამდე კი, ფინეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს წევრი იყო.
ოლივიე რუსსო – საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოში მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა და ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჟან-ფრედერიკ პოლსენი – 2017 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი მრჩეველი იყო, მუშაობდა საერთაშორისო საკითხებსა და სამინისტროს ინიციატივის მიმართულებით. თავმჯდომარეობს თბილისში არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მმართველ საბჭოს. დამთავრებული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლა.
ასევე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატია მაიკლ რიდლი – ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველი საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული (ნაციონალური) ფონდის საკითხებში. მას აქვს 37 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი იყო „ჯი პი მორგანის“ (j.P. Morgan) ვიცე-თავმჯდომარე (2012-2015). ამავე საინვესტიციო ბანკში იგი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს (2002-2012), ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა; საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; ასევე, შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს).
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.