პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, მიზანმიმართულად არ აჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას. მმართველ გუნდში არ იზიარებენ ოპონენტების მოსაზრებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პროცედურა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით უპრეცენდენტოდ გამჭირვალეა და გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდენციები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომა იქნება საჯარო და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ანრი ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთაა ხელისუფლებისთვის და ამ პროცესის შეჩერების არგუმენტი არ არსებობს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მოდელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არასდროს არ არსებობდა.

„ეს არის უპრეცენდენტოდ გამჭირვალე, მრავალეტაპიანი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მონიტორინგი გაუწიოს მთელ ამ პროცესს. ეს არ არსებობდა არასდროს, ჩვენ ეს შევქმენით. არის მაქსიმალური გამჭირვალობა უზრუნველყოფილი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ საბჭოს მაქსიმალურად დაესაბუთებინა თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში დაწერილი ქულა, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ღია წესით, რომ კანდიდატებს მისცემოდათ გასაჩივრების შესაძლებლობა და სარეიტინგო ქულების მიხედვით მომხდარიყო პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენა, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩეულია მესამე ვადით. ჩვენ გვაქვს პირდაპირი დავალება საზოგადოების მხრიდან, რომ მათი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ და განვახორციელოთ საპარლამენტო საქმიანობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეთა საკითხის განხილვა. ამიტომ, აბსოლუტირად ყველა ოპოზიციონერს აქვს სრული შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები. არ არსებობს რაიმე წონადი არგუმენტი, ან მოსაზრება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის ვაკანტურ ადგილებზე სულ ოთხი კანდიდატი წარუდგინა. დარჩენილ ორ კანდიდატს, ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხვალ მოუსმენენ. კომიტეტის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევში, მოსამართლეობის კანდიდატებს საბოლოოდ პლენალურ სხდომაზე დაამტკიცებენ.