პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ ცვლილებას მხარს უჭერს. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით. ყველა ვალდებულება, რომელიც აღებულია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, იქნება შესრულებული „ლელოს“ მხრიდან. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იქნეს მიღებული სწორედ ისე, როგორც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით. მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს.

„როგორც იცით, პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უკვე მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში, შედგა განხილვის ოქმი. ყველა წინადადება, შენიშვნა, რაც იქნა გამოთქმული, დაფიქსირდა და ამას გავაცნობთ პარლამენტსაც პლენარულ სხდომაზე. დღეს გაიმართება იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც იქნება პროექტის განხილვა და სამშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება განხილვის პროექტი. მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით, რომ ეს ცვლილებები თუ განხორციელდა, განხორციელდება მრავალპარტიულ ფორმატში და ზოგადად, ეს კარგია, რომ პარლამენტში პარტიებმა შეძლონ თანამშრომლობა. ამიტომ ყველა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ საჭირო არის ყველას თანხმობა. იცით, რომ 113 ხმა არის საჭირო ამ ცვლილებისთვის. ასე რომ, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი არის და გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ, ვთქვათ, საარჩევნო ბარიერზე, აქაც გვქონდეს საერთო წარმოდგენა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.