პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმით მხარი დაუჭირა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიხედვით, ცვლილებები ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შედის, მეორე მოსმენით განიხილა.
კანონებში ცვლილებები, რომელთა მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფა, კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მუხლობრივად გააცნო და სპეციალური მასწავლებლებისათვის შემოსაღებ სტანდარტებზე ისაუბრა.
„დღეს, მეორე მოსმენით განვიხილეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სპეციალური მასწავლებლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების და სტანდარტების დადგენას ეხება. განვსაზღვრეთ, რომელი კატეგორიის დიპლომის მქონე ადამიანს შეუძლია, სპეცმასწავლებლის სტატუსის მოპოვება გამოცდის გარეშე, თუ გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ყველა ბაკალავრს ექნება ვალდებულება, რომ გაიაროს სპეციალური პროგრამა და ამის შემდეგ ჩააბაროს გამოცდა. ინტეგრირებული პროგრამის მაგისტრის ხარისხის მფლობელებს, ასევე, დოქტორის ხარისხის მატარებელ ადამიანებს, ვისაც სპეციალური კვლევა ან ნაშრომი აქვს ინკლუზიურ განათლებაში, პირდაპირ, გამოცდის ჩაბარების გარეშე, მიეცემათ სპეცმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, მათ, ვინც ახლა მუშაობენ სისტემაში და გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ, ავტომატურად მიენიჭებათ სპეცმასწავლებლის სტატუსი, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც სისტემაში მუშაობენ და გამოცდა ჩაბარებული არ აქვთ, მიეცემათ ვადა 2025 წლის პირველ იანვრამდე, რომ ჩააბარონ გამოცდა და გააგრძელონ მუშაობა.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღესვე მთავრობის მეორე საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ცვლილებები ითვალისწინებს უცხოური ენის მასწავლებელთა სტანდარტების დადგენას და გამოცდების შემოღებას ისე, რომ სისტემაში უფრო იოლად მოხდეს მათი ინტეგრირება, ვინაიდან გარდა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო უცხოური ენის საგნებისა, გარკვეული დეფიციტური მდგომარეობა არის. შესაბამისად, ცვლილებები მასწავლებლობის მსურველთა მიერ უცხოური ენის საგნის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით ამჟამად არსებული პრობლემის გადაჭრის მიზეზმა განაპირობა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.