პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თამარ ტალიაშვილი იქნება
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ამილახვარი, ხოლო კიდევ ერთ მოადგილედ თამარ ტალიაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოგვმართავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ფრაქციის კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანის წარდგენის და ამავე კომიტეტიდან ქალბატონ რიმა ბერაძის გამოწვევის შესახებ, რაც ცნობად უნდა მივიღოთ. ფრაქცია ასევე მოგვმართავს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ქალბატონ რიმა ბერაძის წარდგენის შესახებ და მოგვმართავს ქალბატონ ნინო იობაშვილის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ. ასევე, მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაცია წარმოდგენილია თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრ გიორგი ამილახვარის და მოადგილედ პარლამენტის წევრის, ქალბატონ თამარ ტალიაშვილის არჩევის შესახებ. ვფიქრობ, მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა. მინდა ჩვენს კოლეგებს წარმატებები ვუსურვო კომიტეტსა და საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.