პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება რა მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის მოსაზრებებს და უახლოეს სხდომაზე განიხილავს კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქე ელიზაბედ ბადაშვილის გამოთქმული მოსაზრებები, რომელმაც საზოგადოების გულწრფელი და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ბადაშვილს პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელიზაბედ ბადაშვილი არ არის და არასდროს ყოფილა, არც კომიტეტის და არც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი.
ბადაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, როგორც ზოგადი განათლების ექსპერტი. საბჭო ერთი წლის წინ, სხვადასხვა შეხედულებების მქონე განათლების სფეროს ათეულობით ექსპერტისგან დაკომპლექტდა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გმობს და კატეგორიულად ემიჯნება რა ელიზაბედ ბადაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უახლოეს სხდომაზე განიხილავს საბჭოში მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.