ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს პარლამენტის კომიტეტებში ხვალ მოუსმენენ
დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოხსენებას მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა მითითებული ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენება „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციას შეეხება.
„საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 16 თებერვლის სხდომაზე განიხილა საკითხი – საქართველოს 10 135 მოქალაქის (დ. დვალიშვილი, ვ. გოლეთიანი) მიერ წარმოდგენილი პეტიცია რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. საკითხზე გამართული მსჯელობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიცია საპასუხოდ გადაეგზავნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.