პარლამენტის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა.
მემორიალის გახსნის ინიციატორი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო. მისი თქმით, მემორიალზე ყველა ახალგაზრდას სახელი და გვარი ამოიტვიფრა, რომელთა ვინაობა ცნობილია, ცარიელი ადგილი კი უცნობი გმირების ხსოვნის სიმბოლოდაა დატოვებული.
„ეს არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, რომელიც არის არა სამი წლის ან ერთი წლის, არამედ მუდმივი ამოცანა ბოლო 100 წლის განმავლობაში. ამ პერიოდშიც არაერთხელ მოგვიწია ბრძოლა სხვადასხვა ფორმით და საერთოდ, მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში. ამიტომ ეს არის სიმბოლური, რომ მეტადრე ახალგაზრდებმა გაიგონ ამის დატვირთვა ამის მნიშვნელობა. გაეცნონ ამ ისტორიას, გაითავისონ და იმაზე დაფიქრდნენ, თუ რას ნიშნავს, როცა უნდა დაიცვა ყოველდღიურად ქვეყნის დამოუკიდებლობა, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ყოველდღიურ ქცევაში და ქმედებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს, მემორიალის გახსნის თხოვნით 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული, მარო მაყაშვილის შთამომავალმა მიმართა.