პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის დღე“ ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რისკენაც მიისწრაფვის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან.
„მრავალი წელია, საქართველოში „ევროპის დღის“ აღნიშვნა ტრადიციად იქცა.
1950 წლის 9 მაისს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების სახელით შემუშავებულმა შუმანის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.
„ევროპის დღე“ მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რისკენაც მიისწრაფვის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან.
საქართველო მყარად დგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობის განმტკიცების, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული და ქმედითი განხორციელება, საქართველოს ევროკავშირთან თანამიმდევრული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად ეკონომიკური ინტეგრაცია, მნიშვნელოვანი საფუძველია იმისათვის, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა, რაც საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას ეფუძნება.
„სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება იქცეს საქართველოში პოლიტიკური ძალების საერთო მიზნად.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელი და ღირებულია.
ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ხელშესახები მონაპოვარია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მნიშვნელოვანია მისი შეუფერხებელი მოქმედება.
დღეს ევროკავშირი არის საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თანამედროვე ჰიბრიდულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება იმისათვის, რომ „ევროპის დღის“ მთავარი მონაპოვარი საქართველოსთვისაც იყოს შემდგომი განვითარების ქვაკუთხედი“, – აღნიშნულია განცხადებაში.