პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. მემორიალური დაფა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ჟიული შარტავას მეუღლემ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნეს.
„ჟიული შარტავა გმირობის მაგალითია. ყველას გვახსოვს ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებილია როგორც აფხაზეთის დაკარგვასთან, ისე მის გმირულად დაღუპვასთან. ის დღემდე გვაძლევს გმირობის მაგალითს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სივრცეს ჟიული შარტავას სახელი ეწოდება. დაგეგმილია ამ სივრცის რეაბილიტაცია და მას ახალი დატვირთვა მიენიჭება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიხსენონ ჟიული შარტავა. ჟიული შარტავას სახელი ყოველთვის შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ჩვენი თავდადება და თითოეული დღე ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.