პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსპოზიცია „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“ გაიხსნება
„სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“-ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც 22 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიხსნება.
წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას გაახსენებს სახელოვან წინაპრებს, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ბოლშევიკი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გადარჩნენ და ემიგრაციაში დაასრულეს სიცოცხლე. გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა ბიოგრაფიული ცნობებით, ასევე მათზე გამოქვეყნებული ლიტერატურა. წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაცული საარქივო დოკუმენტები.
გამოფენის გახსნის პარალელურად, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“ . (პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინორეპერტუარის მიმოხილვა).
მასალა მომზადებულია, 1918–1921 წლების პერიოდში გაზეთებში „საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის, ბეჭდური და გრაფიკული სარეკლამო განცხადებების, ანონსებისა და აფიშების შესწავლის საფუძველზე.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს .