პარლამენტის ბიუროს წარედგინება ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იქნება შესაძლებელი
საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამ ეტაპისთვის საქართველომ ყველასთვის სასურველ შედეგს მიაღწია,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი წარმატება სწორი სტრატეგიის შედეგად იქნა მიღწეული.
„თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რაზეც საუბრობენ დარგის აღიარებული სპეციალისტები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე.
ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი; საკარანტინო სივრცეების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება; პრევენციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად, პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა. შ.“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება და საკომიტეტო მოსმენების შემდეგ სესიაზე განიხილება.
„ცვლილებების მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.