პარლამენტის ბიუროს წარედგინება ცვლილებები, რომლითაც ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება
პარლამენტის ბიუროს წარედგინება ცვლილებები, რომლითაც ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების გათვალისწინებით, 13 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

ცვლილებები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია არ ითვალისწინებს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის განთავსებას.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არიან, ავტორები კი, ეკატერინე ლალიაშვილი („საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“); ირაკლი იზორია („პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“); გელა კვაშილავა („აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტისთვის“); ხათუნა გველესიანი („იარე ფეხით“); ნათია კაციაშვილი (ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი“); ხათუნა ხაჟომია („ფონდი ელი“); გიორგი ბაბუნაშვილი („ურბანული ლაბორატორია“) და მევლუდ მელაძე (ექსპერტი).