პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კორუფციის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიცირება მოხდება
კორუფციის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ფრაქციაში „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ აღნიშნავენ, რომ კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს – საქართველოში არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები, ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კორუფციის თვალსაზრისით ქვეყანაში არის უკონტროლო ვითარება. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო რეიტინგი, ყველა საერთაშორისო შეფასება. ამავდროულად ადგილობრივი ორგანიზაციების ძალიან ხმაურიანი კორუფციული გამოძიებები. სისტემურ ელიტურ კორუფციას, რომელიც საქართველოში არსებობს, სჭირდება პასუხი. იმის გამო, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა ამ ყველაფერზე არ რეაგირებს ეფექტურად, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში და მათი უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებს შეისწავლის და გამოიკვლევს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ ბევრი პოლიტიკური ჯგუფისგან გვესმის, რომ მათ აწუხებთ ქვეყანაში კორუფცია და ამ კომისიის მხარდაჭერა იქნება ერთგვარი ტესტი ხელისუფლებისთვისაც და სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, თუ რამდენად აწუხებთ მათ კორუფცია და რამდენად შეუძლიათ, გადადგან თამამი ნაბიჯი და მონაწილეობა მიიღონ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნაში“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ზოგადს უწოდებენ განცხადებებს, რომლებიც კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება.
„ზოგადად, საკანონმდებლო სივრცეში საკმაოდ მოცული გვაქვს ეს სფერო, რასაც ჰქვია ანტიკორუფციული საქმიანობა. ამავდროულად, პრაქტიკაშიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ამ მხრივ მოკვლევები და პრაქტიკული განხორციელებაც. რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ამას სჭირდება განმარტება, არგუმენტები. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ პარალელურად, როგორც არის უწყებებში ანტიკორუფციული საქმიანობა, დაიწყოს დროებითი საგამოძიებო კომისია და შეიქმნას პარლამენტში. მით უფრო, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ, არის ძალიან ზოგადი განცხადებები ამ ანტიკორუფციულ საქმიანობასთან და ე.წ. ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.