პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი ბერაიასა და იაგო ხვიჩიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო.
პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.
„გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე, სადაც, ფაქტობრივად, არაფრის გამო ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვოთ, მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად. მე არ დამიშავებია არაფერი ისეთი, რომ ვინმეს დარბაზიდან გავეძევებინე. გთხოვდით, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ უფლებამოსილებას და თავი კაცი ჰგონიათ მაშინ, როცა პატარა უფლებას მიიღებენ. ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, არაკაცი და სადაც ვნახავ ყოველთვის ამას ვეტყვი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ხვიჩიას ამ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა და დეპუტატის ქცევას სამარცხვინო უწოდა.
„ნამდვილად სრული უმსგავსობა იყო, რაც ვიხილეთ გუშინ თავდაცვის კომიტეტზე, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის კოდექსის პროექტი თავისი შინაარსით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. პროცესი იყო ინკლუზიური, დოკუმენტი შემუშავდა როგორც ჩვენი კანონმდებლების აქტიური ჩართულობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით. გუშინ გვქონდა სულისკვეთება, რომ განხილვა გვქონოდა კონსტრუქციულ რეჟიმში, სადაც მომხსენებელთან ერთად სხდომას ესწრებოდნენ ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ატარებენ უნიფორმას, იცავენ ჩვენს ქვეყანას და ეს უღირსი ადამიანები გუშინ აყენებდნენ შეურაცხყოფას სამხედროებს. კითხვის ნიშნებს სვამდნენ, რატომ არიან ისინი პარლამენტში, რატომ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, რა უნდა ფორმიან ადამიანებს პარლამენტში და მოიხსენიებდნენ მათ უღირსად. სიტყვით გამოდიოდნენ თავმჯდომარის ნებართვის გარეშე და რეგლამენტის დარღვევისთვის, სამხედროების შეურაცხყოფისთვის, ბატონ ხვიჩიას მოუხდა დარბაზის დატოვება. ჩვენი ქეყანა არის ოკუპირებული და ამ ოკუპაციის ფარგლებში ვიღაც ავლებს მავთულხლართებს, ვიღაც იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, ვიღაც ახორციელებს კიბერშეტევებს. დიახ, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპაციის საფრთხეების პირობებში დგას საფრთხის წინაშე, ასეთი ადამიანები გამოდიან მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ არ წავიდნენ ჯარში და ეს არის მიზანმიმართული დასუსტება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის.
სამხედროების შეურაცხყოფის გამო მოუხდა ამ ადამიანს გუშინ დარბაზის დატოვება. როგორც კი ამ ადამიანმა დატოვა დარბაზი, სხდომა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდა. ყველანაირი მცდელობა, რომელსაც ადგილი ექნება, სხდომის ჩაშლის, ჯარის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის, სამხედროების და თადვაცვის ძალების შეურაცხყოფის, არასოდეს არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა ბერაიამ.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„გასაგებია, რომ ორივე მხარისთვის ემოციური საკითხია. რაც შეეხება კომიტეტს, კომიტეტის სრული ჩანაწერი დევს და ყველას შეუძლია, შეხედოს, რამდენად სწორი და არასწორი იყო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, უყუროს კომიტეტის სხდომის ჩანაწერს, თუ რამე დანაშაული აქვს, მზად არის, მიიღოს გაფრთხილება.
„ყველას შეუძლია, ნახოს ჩანაწერი, თუ მე ჩემს გაგდებამდე ვინმეს მივაყენე შეურაცხყოფა, გთხოვთ, გადახედოთ ამ ჩანაწერს, თუ ვინმე მეტყვის, რომ რამე დანაშაულია იქ, გთხოვთ, სხვა დროსაც გამაფრთხილოთ. მაგრამ თუ იქ ყველაფერში მართალი ვიყავი და ბატონი ბერაიას რასაც ამბობს, ეს ყველაფერი ტყუილია, მაშინ მინდა, ეს აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.