პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება მოხდება
საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადების მიზანია, კოდექსის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.
ტერმინოლოგიური ცვლილებების გარდა, კოდექსში სხვა ცვლილებებიც შედის. კერძოდ, ზუსტდება, რომ მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
პროექტით განისაზღვრება, რომ თანხმობა არ იქნება საჭირო, თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს – სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ასევე საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50 პროცენტზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირს.
„აღნიშნული ცვლილება უფრო ეფექტიანსა და მოქნილს გახდის მუნიციპალიტეტის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირი
(გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან საწარმო, მიზანშეწონილია, მათთვის ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკრებულოს თანხმობის აუცილებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების მიმღებნი იქნებიან სხვა პირები, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა“, – განმარტავს საქართველოს მთავრობა.