პარლამენტის ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება
რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავკარგეთ ძალიან თბილი და მეგობრული კოლეგა, ირაკლი ხახუბია. მინდა, გთხოვოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ მის ხსოვნას პატივი, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება.
„ოპოზიციასთან და უმრავლესობის ფრაქციასთან გაიმართა კონსულტაციები და ყველა შეთანხმდა, რომ ხვალ ყველა უარს იტყვის პოლიტიკურ განცხადებებზე. სხდომას გავხსნით, შემდეგ დავხურავთ, ისე, რომ საკითხების განხილვა და პოლიტიკური განცხადებები არ გვექნება, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე გადადებულია ხვალინდელ სხდომაზე გათვალისწინებული მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენა.