პარლამენტის ბიუროს სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დანამატის გაცემის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი წარედგინება
„ევროპული საქართველო“ ითხოვს, სერტიფიცირებულ მასწავლებელზე სტატუსის შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა გაიცეს. ოპოზიციონერი დეპუტატები სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე საკანონმდებლო ორგანოს პედაგოგების დანამატებთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის მიღებას სთხოვენ.
პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტში ნათქვამია, რომ დღეს არსებული მონაცემებით, საჯარო სკოლებში 25 800-მდე მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა მხოლოდ 5 869 მათგანს (23%) აქვს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ის პედაგოგები, რომელთაც შეძლეს, დაედასტურებინათ მაღალი კვალიფიკაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, უზრუნველყოს შესაბამისი საათობრივი დატვირთვით, რაც ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 20 000-მდე კვალიფიციური პედაგოგი კუთვნილ სახელფასო დანამატს ვერ იღებს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება, როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ისე განათლების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა უნდა გაიაროს და კომპეტენცია დაადასტუროს, რომელიც სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.
შესაბამისად, სტატუსით განსაზღვრული დანამატი პედაგოგებს ეძლევათ არამხოლოდ შესრულებული სამუშაოს გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრული სრული დატვირთვა წარმართონ საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის მაღალი ხარისხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: ადგენს, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე სტატუსის შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა უნდა გაიცეს, იმ შემთხვევის გარდა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15-საათიან დატვირთვაზე“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.