პარლამენტის ბიუროს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარედგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე კანდიდატურები წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. პრემიერი პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ალფაიძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი კარლო კაციტაძისა და ემზარ გაგნიძის კანდიდატურებს სთავაზობს.
აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, საკითხის განხილვას კვალიფიციურად მიუდგნენ.
„ყველას მიმართ მაქვს თხოვნა, რომ საკითხს პროფესიონალურად მივუდგეთ იმ თვალსაზრისით, რომ არ დავეფუძნოთ რაღაც აღქმებსა და შთაბეჭდილებებს, რომელიც შექმნილია. წარმოდგენილია კანდიდატურები და მათზე მსჯელობა მოხდება საკომიტეტო ფორმატებში, სადაც ჩართვა ყველას შეგიძლიათ“, – მიმართა ფრაქციებს შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა საკუთარი არჩევანი ორი კანდიდატიდან თითო-თითოზე უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ზემოთ აღნიშნული სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე იქმნება, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე გააუქმა.