საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წერილობითი ფორმით წარედგინება მთავრობის წლიური ანგარიში, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენება, სავარაუდოდ, 30 ივნისს ექნება.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული ანგარიში 164-გვერდიანია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.
მთავრობის ცნობით, რეფორმათა განხორციელება და ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება გრძელდება პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც წარმოადგენს საგზაო რუკას საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის.
ანგარიში აღნიშნულია, რომ გასული წელი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ისტორიული შედეგით აღინიშნა − 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.
„ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ხელშესახები ნაბიჯი ხაზს უსვამს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადაჰყავს, რაც, თავის მხრივ, კატალიზატორია რეფორმების ტემპის ინტენსიფიკაციისთვის. ამ მიმართულებით გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოს ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის ყველა პრიორიტეტულ სექტორში. გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე გაღრმავდა ურთიერთობები ნატო-სთან − მადრიდის სამიტზე დამტკიცდა საქართველოსთვის მორგებული ღონისძიებათა დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და მედეგობას. საქართველო და აშშ კვლავ რჩებიან საიმედო მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ასევე საქართველო ინარჩუნებს ორპარტიულ მხარდაჭერას აშშ-ის კონგრესში და ხელს უწყობს აშშ-ის ჩართულობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია რუსეთზეც. მთავრობის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შეუქცევადად არის მიმართული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვისკენ.
„ამისათვის საქართველოს დიპლომატიური სამსახური შესაძლებლობების ფარგლებში იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მობილიზებულ იქნეს მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღება და გაძლიერდეს წნეხი რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობა აღნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.
„აშშ-თან თანამშრომლობით დაიწყო თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელება, მიმდინარეობს ურთიერთთავსებადობის ამაღლება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ამ მიზნით საქართველო ჩართულია სამხედრო სწავლებებში. თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და სამხედრო სამსახურის გაძლიერებისთვის მომზადდა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში.
უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარიმართა მუშაობა დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაძლიერებისა და საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და მისი ინსტიტუციური გაძლიერება. დამტკიცდა 2022−2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გრძელვადიან ხედვას და კონკრეტულ მიზნებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფისა და სისტემური დაცვისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობა ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ ზრდაზეც. მთავრობის ცნობით, ზედიზედ მეორე წელს მიღწეულ იქნა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2022 წელს − 10,1%), რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის მიღწევას.
„სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შემცირდა ინფლაცია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მდგრადია 2023 წელსაც და პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 7,2%-ს შეადგენს. განსაკუთრებით სწრაფად აღდგა ტურიზმის სექტორი, რომელმაც გააუმჯობესა პრეპანდემიური შედეგები და 2023 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37,5%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობა აქცენტს აკეთებს სოციალურ მიმართულებაზეც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განვითარებასა და დახვეწაზე.
„ჯანდაცვის სფეროში სისტემური რეფორმებისა და ახალი მექანიზმების დანერგვით სულ უფრო მცირდება მოსახლეობის ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი, რომელმაც 2022 წელს 41% შეადგინა. ამოქმედდა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა, არსებული რესურსი უფრო ეფექტიანად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები. შედეგად, მოსახლეობისათვის მედიკამენტური საშუალებები დაახლოებით 40%-ით გაიაფდა.
მაღალკვალიფიციური და თანამედროვეობის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს გრძელვადიან საწინდარს საქართველოს განვითარებისა და ღირსეული პოზიციონირებისათვის. ამ მიზნით, მთავრობა კვლავაც მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავდა განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. თანასწორი, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლების სექტორის ჩამოყალიბებისათვის დამტკიცდა „2022−2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგია“. დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, 885 ბაღი აშენდება და რეაბილიტირდება და ამ მიზნით სახელმწიფო 1,3 მილიარდ ლარს დახარჯავს. დაიწყო ერთი მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, დასრულებულია 133 და მიმდინარეობს 53 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია“, – განმარტავს მთავრობა.
მთავრობის მხრიდან პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. პროცედურის მიხედვით, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს პირველ ივნისამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის, ივნისის ბოლომდე ისმენს.