პარლამენტის ბიუროს ხვალ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.
დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. ასევე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.
ამასთან, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება. აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.
რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია სამი თვე, კომისიის წევრთა რაოდენობა კი ცხრა წევრით განისაზღვრება. კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, მათ შორის არიან პარტია „საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“.