პარლამენტის ბიუროს დღეს ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის კრემაციაზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს.
ცვლილებებით, ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს მთავრობა განსაზღვრავს, ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოსაკრებლის ოდენობა კი 2 000 ლარი იქნება.
დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი.