პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინება
პარლამენტის ბიუროს მთავრობის მიერ დაკორექტირებული 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
პარლამენტის მიერ წარდგენილი რა სახის შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკომიტეტო მოსმენებზე გახდება ცნობილი.
პროექტის პირველადი ვერსია 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება. ასევე, პენსიების გაზრდა 20 და 25 ლარით.
ბიუროს სხდომას ასევე წარედგინება მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.
„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც რეგულირდება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წესი. ასევე, ზუსტდება, რომ ერთსა და იმავე პარტიის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრებს შეუძლიათ, შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. ბიუროზე ასევე მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. თქვენ იცით, რომ მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების შემდგომ ხელახლა წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.