პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ალტერნატიული პროექტების განხილვის პროცედურაზე იმსჯელა
პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მათ შორისაა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომის წამყვანმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ალტერნატიული კანონპროექტები წარადგინეს. ალტერნატიული კანონპროექტები ორ საკანონმდებლო პაკეტადაა ინიცირებული.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები არა მხოლოდ იურიდიული კომიტეტის, არამედ ყველა კომიტეტის მიერ იყოს განხილული.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე საერთოდ არ უნდა დარეგისტრირდეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.