პარლამენტის ადგილმდებარეობაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაიმართება
პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რაც რეგლამენტის პროექტის განხილვისას გამოიკვეთა, პარლამენტის ადგილმდებარეობაა.
დეპუტატის განმარტებით, დოკუმენტში ქუთაისი დაფიქსირებულია, როგორც პარლამენტის სასახლის ადგილი.
„ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაიმართება, რადგან დეპუტატთა ნაწილის პოზიცია ფიქსირდება, რომ ან ჩანაწერი შეიცვალოს, ან თბილისიც დაფიქსირდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული. უმრავლესობის ნაწილი ითხოვს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან საერთოდ ამოიღონ, ან დოკუმენტში ქუთაისის მსგავსად, თბილისიც ჩაიწეროს.