პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კვლევას ჩაატარებს, რა პრობლემებს აწყდებიან შშმ ქალები ჯანდაცვის სერვისების მიღებისას
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კვლევას იწყებს იმის შესახებ, რა პრობლემებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალები ჯანდაცვის სერვისების მიღებისას.
საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. მოკვლევის შედეგად ანგარიში მომზადდება, რომელშიც პრობლემების ანალიზი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები შევა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებში გაცილებით დაბალია ვიდრე შშმ მამაკაცებში. დეპუტატის განმარტებით, ამის მიზეზი სწორედ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა განაპირობებს.
დეპუტატები დაახლოებით სამ თვიანი კვლევის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციებითა და წინადადებებით, რა უნდა გაკეთდეს და შეიცვალოს პრობლემის აღმოსაფხვრელად, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ.
საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.