პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, პრემიერ-მინისტრისგან სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულებაზე ანგარიშის წარდგენა მოითხოვოს
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, პრემიერ-მინისტრისგან სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მოითხოვოს.
აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იგეგმება.
ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც საოქმო ჩანაწერით ფორმდება და ადრესატს დაუყოვნებლივ ეგზავნება.
პროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას მოთხოვნის მიღებიდან სამი კვირის განმავლობაში წარუდგენს. პრემიერის მოხსენების ზუსტ დროს კი, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ანგარიშის განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად მოხდება. განხილვის შემდეგ კი, შეიძლება მიღებულ იყოს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.