პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციურ პროექტსა და „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციური პროექტისა და „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვა მოუწევს.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია, ხოლო „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.
„ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აგვისტოს დასაწყისში წარუდგინა, თუმცა საშემოდგომო სესიისთვის პროექტის კორექტირება უნდა მოახდინოს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული თავდაპირველი ვერსიით, ცვლილებები ეხება – საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, სარეკლამო დროს, ანტირეკლამის განთავსებას, პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას.
კერძოდ, პროექტით, პარტიების დაფინანსების სისტემა იცვლება და პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს, დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს. ასევე პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება – 30%-იან დანამატს კვლავ მიიღებს. ამას გარდა, ცვლილებებით, უფასო საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებზე თანაბრად განაწილდება და დაუშვებელი იქნება, ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის.
ასევე, ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები 13 წევრისგან დაკომპლექტდება, რომელთაგან შვიდ წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები წარადგენენ. ასევე, 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მაუწყებელს ეკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა განათავსოს, რომლის შინაარსიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აშკარად ეწინააღმდეგება.