პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტზე იმსჯელებს
პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტზე იმსჯელებს

საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტზე იმსჯელებს. მათგან ორი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. მათ შორის არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტი, რომელშიც პარლამენტი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად და გამოიძიოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები; ასევე, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და შესაბამისი პირები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომის შემდეგ გადაწყდება, როდის შევა დღის წესრიგში დადგენილების პროექტები.

„პარლამენტის მხრიდან მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენს გუნდს ინიცირებული გვაქვს დადგენილების პროექტი. ბიუროს ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ. ბიურო არის სათათბირო ორგანო, შესაბამისად ჩვენ იქ უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ ამ მსჯელობისა და შეთანხმების შედეგად დავგეგმავთ, რომელი საკითხი როდის იქნება შეტანილი დღის წესრიგში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კიდევ ერთი დადგენილების პროექტი, რომელსაც დღეს ბიურო განიხილავს, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი და ასევე, შეიქმნას „გავრილოვის სია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია, მთავრობას მოსთხოვს 20 ივნისის ღამის გამოძიება.

„მოვალეობად ვთლით, შევახსენოთ საქართველოს პარლამენტს ის ვალდებულებები, რაც აკისრია. პარლამენტი მათ შორის ვალდებულია, მოსთხოვოს მთავრობას, ფორმალურად მაინც გამოიძიონ 20 ივნისის დარბევაში გახარიას მონაწილეობა, მიიღო თუ არა დავალება მან ივანიშვილისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს გავრილოვის სიის შედგენა, სადაც აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში, რომლებიც არიან აქტიური ლობისტები საოკუპაციო პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და ამ ადამინების შემოშვება აიკრძალოს საქართველოში“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას და იმ სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს შეეხება, რომლებმაც ძალას გადაამეტეს.

„პრობლემა, რომელიც მაშინ არსებობდა, ისევ არის. შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ თანამდებობაზეა. მისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა და პარლამენტს, რაც მთავარია, არ გაუკეთებია პოლიტიკური შეფასება იმ მოვლენების, რაც 20 ივნისს მოხდა. ამიტომ ჩვენი დადგენილების არსი სწორედ ეს არის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.