პარლამენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
რეფორმის მიხედვით, გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები ღია იქნება. საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევასა და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები. ასევე, გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს. წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, აღნიშნულ ცვლილებებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებენ.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ვინაიდან პირველი, ეს არის იმ მიმართულების გაგრძელება, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია. მეორე, ეს ალბათ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტშიც, რასაც მიმდინარე მოლაპარაკებები უკავშირდება. არაერთხელ ითქვა, ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, ასე ვთქვათ, სადისკუსიოა მხარეთა შორის, არის სწორედ მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული. საკანონმდებლო ორგანო, მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში არის ის რგოლი, რომელსაც შეუძლია, გაუმჯობესებული კანონმდებლობა შესთავაზოს დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებას. პრინციპში, ინიციატივით მოცულია ის საკითხები, რომლებიც ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, ბევრი შეფასების მიხედვით დგინდება, როგორც ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის მართლმსაჯულების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით და უკავშირდება გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობას, ამ შემთხვევაში, იგივე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კენჭისყრისას იუსტიციის საბჭოს წევრთა მხრიდან განხორციელებული კენჭისყრის ღიაობას, რაც, ვფიქრობთ, რომ გააუმჯობესებს ამ თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.