პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 7 სექტემბერს განიხილავს
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 7 სექტემბერს განიხილავს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება და სწორედ ამ სხდომებზე იგეგმება კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის 84 დეპუტატი ჰყავს.
შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება, რომელთა ნაწილს საპარლამენტო ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, თუმცა ბოიკოტის გამოცხადებისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ამ მიზნით ერთჯერადად ბოიკოტს შეწყვეტს და კენჭისყრას დაესწრება.
საუბარია უკვე ინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტზე, რომლის გათვალისწინებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება; საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება; ასევე გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევა. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა. დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ უმრავლესობამ არ დააკონკრეტა, მხარს დაუჭერს თუ არა საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირებას. მათი მხრიდან ითქვა, რომ ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და გადაწყვეტილება სწორედ მსჯელობის შედეგად უნდა მიიღონ.