პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ სამი კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვას დღეიდან იწყებს.
საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის.
„კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპიან პროცესს, რაც უზრუნველყოფს მთლიანობაში უპრეცედენტო გამჭვირვალობას, ღიაობას, საჯაროობას და შედეგად საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოქმნილ პროცესს, ასევე საქართველოს პარლამენტში წარმართულ პროცესს და ამითი განახორციელოს საზოგადოებამ საკუთარი მონიტორინგი. მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად მოუსმენს ამერიკული მოდელით თითოეულ კანდიდატს და ამ ინდივიდუალური განხილვების შემდგომ ამერიკული მოდელის შესაბამისად მიიღებს კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას”,- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში დღეს ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას პროექტს განიხილავენ. ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.
„ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური განსხვავება არის ჩვენსა და ე.წ. ჩინჩალაძის პროექტს შორის, რადგან ჩვენი კანონპროექტით უზრუნველყოფილია მაღალი გამჭირვალობა, გრძელი სია, მეტი არჩევანი პარლამენტისთვის და პარლამენტის დიდი ფუნქცია. ჩინჩალაძის პროექტში ეს პირიქითაა, არის მოკლე სია, მეტი ფუნქცია იუსტიციის საბჭოს და ნაკლები შესაძლებლობა პარლამენტს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში ასევე მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იწყება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, პარლამენტისთვის წარსადგენად საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაასახელოს.
„ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, როგორი უნდა იყოს ნომინირების წესი, რომ კლანს არ ჰქონდეს ექსკლუზიური მონოპოლია, როგორც დღეს კობახიძის კანონპროექტით არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის ძალამ პარლამენტში თავისი მოსამართლეები ვერ აიყვანოს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.