პარლამენტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობს
აქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ახლებურად დარეგულირებას ისახავს მიზნად.
მომხსენებლის თქმით, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულია და მაქსიმალურადაა დაცული უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებები.
„როგორც კი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შემოვა საქართველოში და მოითხოვს განცხადებით, რეგისტრაციის შესაბამისად რომელიმე სტატუსის მიღებას, ეს იქნება ლტოლვილის თუ დროებითი თავშესაფრის მიღების სტატუსი, ამ შემთხვევაში იგი რეგისტრირდება როგორც მაძიებელი და მასზე ვრცელდება ის შეღავათები რასაც ჰქვია არ გაძევება და ექსტრადიციაზე გადაცემის აკრძალვა. თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სწორ მიდგომას ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იყენებენ უცხოელებიც და მოქალაქეობის არმქონე პირების ნაწილიც. ამიტომ საჭირო გახდა კანონში ცვლილების განხორციელება, რომელიც შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი არ გაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იგივე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის ან სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება, განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. ასევე ზუსტდება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. მათ შორის, დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება.
შესაბამისი ცვლილება ხორციელდება თანმდევ პროექტში „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველი მოსმენის შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.