პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია. ერთი მმართველმა გუნდმა, ხოლო მეორე ოპოზიციამ მოამზადა.
განხილვები ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით დაიწყება, რომლითაც გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის კანონპროექტი მეტ სუბიექტს აძლევს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.
„დღეს გვექნება კონსტიტუციური პროექტების განხილვა. ჯერ პროექტს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკების და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, რასაც ჩვენი მხარდაჭერა, მოგეხსენებათ, კომიტეტზეც არ ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, მოგეხსენებათ, ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს, რომ იყოს უფრო მეტი წარმომადგენლობა და საარჩევნო პროცესში უფრო მეტი სუბიექტი იყოს ჩართული. შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მეტ სუბიექტს საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.